***

ხანდახან მგონია რომ ჩემ ირგვლივ ადამიანები სხვადასხვა ექსპერიმენტის ფარგლებში საცდელი თაგვები არიან. ეს თაგვები ყოველთვის სხვადასხვანაირები არიან და მგონია, რომ სხoriginal.jpgვადასა მედიკამენტის ზემოქმედების ქვეშ, კიდევ უფრო სხვადასხვანაირად იქცევიან. ის რაღაც, ფუნდამენტური, ჩალექილი ამბები რომ გვაქვს ყველას ჩვენ-ჩვენი პირადი, ეგეც კი იცვლება ხოლმე ამ ადამიანების ქვეცნობიერში. თან მაშინებს, თან ვერ ვხვდები, რაშია საქმე? 

კითხვა შემდეგნაირადაც შეიძლება დაისვას – იქნებ მე ვარ ეს საცდელი თაგვი? მე ვარ რაღაცის ზემოქმედების ქვეშ და მე აღვიქვამ სხვაგვარად? ამდენწლიანი ჩემი წარმოდგენა ადამიანებზე, სამყაროზე იცვლება და მეც გადიდებული თვალებით ვაკვირდები ამ პროცესს.

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მრავალწლიანი გამოზამთრებიდან ვიღვიძებ, არადა ყოველ დღე კიდევ უფრო მძაფრად ვხვდები, რომ ზამთარი ახლა იწყება. გული მისკდება. საიდან მოვიდა ეს არეულობა? ამდენი თაგვები?

ვცდილობ მოთმინებით მოვეკიდო ამ ამბავს, დაველოდო, გავიგო, რა სჭირთ ამ თაგვებს, მოქმედებს ეს წამალი, არ მოქმედებს, ჩემზე მოქმედებს თუ რა ხდება საერთოდ.

შემდეგ:
მელოდიად ჩამესმის წყლის ხმაური ყოველ დილით და რკინის ჭრიალა ლოგინიდან წამოდგომა მარტივია.
გაღვიძება და გრძნობების გაცოცხლება მარტივია.
გარემოს დანახვა და სუნთქვა მარტივია.

მარტივია,  რადგან მოსაყოლი ამბები ჯერ კიდევ დარჩა..

Whispering wind.

თამაშ-თამაშით მივუყვები ქუჩას.
ბედნირების, სიხარულისა და ტკივილის ვარიაციებს ვაწყდები გზადაგზა.
რკინისმაგვარად დაჟანგებულან ადამიანები.
მეტად რთულია თქვა ვინ გადარჩა.

დღითიდღე ვრწმუნდები, რომ სამყარო ერთი დიდი ამოცანაა.
ღმერთები კი მეტისმეტად რთული წესებით გვეთამაშებიან.
და მეც მჯერა, რომ რაც წარსულში მოხდა მხოლოდ სიზმარია,
რომელიც ამოვიჩემე.
და დავდივარ.
დავდივარ და ვუყვები ყველას, იმედით რომ არ ამიხდება.
არაფერი ემოციის მაგვარი არ იკითხება სახეზე.

ქალაქი სულის მაგივრად სხეულებს ითვლის…
ქალაქი სულის მაგივრად სხეულებს ითვლის…

ჩამესმის ბუნდოვნად.

მოსიარულე სხეულები მოჩანს, სულის დეფიციტით.
ცხოვრება რომელსაც ასე ვუფრთხილდებოდით დაჟანგდა.
ქოთანში გამხმარი მცენარის მსგავსად არ გაიხარა და დაბრალდა დამპალ ნიადაგს,
რომელმაც ფერფლივით შთანთქა დათხელებული ფოთლების ტანი.

არაფერი სევდის მაგვარი…
არაფერი შიშის მაგვარი…
არანაირი სინანული…

უბრალოდ მგონია, რომ გამოღვიძება დამაგვიანდა…
1111111

 

ჩუმი სევდა.

ერთი გოგო იყო ჩემს ბავშვობაში.
ქელეხიძის ლექსს გავდა.

მოდიოდა დგებოდა და ითვლიდა.
იქით პირველი, აქეთ- მეორე.
იქით წარსული. აქეთ- ის არ იყო.
ქარიც იყო,
ტოტებიც,
მოდიოდა, დგებოდა და ითვლიდა.
არჩევანი და – ხის ტოტები.
არადანი და – წასვლა ჩემიდან.

ყველა კარგი შეგრძნება რომ არ დაგავიწდეს, დააკონსერვე და შეინახეო მეუბნებოდა.
დაკონსერვების რეცეპტი არ უთქვამს, არც შემდგომი ნაბიჯების სია მოუწერია…
ჰო და მეც ისე გავიგე, როგორც მინდოდა.

მას მერე “დაკონსერვებული ამბების” ნაკლებობას არ ვუჩიოდი.
არც ბრჭყვიალა წლებს და სიცილებს. ხმამაღალ სიცილებს. 🙂
ერთადერთი ცუდი ის იყო, რომ გოგო ეზოში აღარ ჩამოდიოდა.
აღარავინ იდგა მის ადგილას და დათვლის ხმებიც დროთა განმალობაში გაიფანტა.
ალბათ ქარმა წაიღო.

 


განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც მიდიხარ და დააკლდები; როცა დრო გადის და მაინც გელოდებიან.

ნეტა რას ფიქრობენ ადამიანები აეროპორტში თვითმფრინავების მწკრივს რომ უყურებენ? ალბათ, ზოგი რას, ზოგი რას. ყველას თავისი დარდი და ბედნიერება დააქვს გულში.

ეს ყველაფერი კი, ჩემი სულის მეგობარს ეძღვნება მაღლა რომ ვახსენე. ალბათ ყოველთვის მემახსოვრება, აეროპორტის წინ, თოვლის გაცრეცილ ფანტელებში ჩემი ლამაზი მეგობარი, გულამოფსკვნილი როგორ ტიროდა. მეგობარი, რომელმაც სილაღე მასწავლა.


ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ვერ გავიგე გოგო მომენატრა, ის პერიოდი, თოვლი, თოვლის უზარმაზარი სიმშვიდე თუ უბრალოდ სიმშვიდე.

პ.ს “თუ მატარებლები სადგურში დგანან,
ადამიანები როგორღა გვტოვებენ?”
large (8).jpg

Do you ever miss yourself?

large (1).jpg

მომხდარ ამბებს ყოველთვის კადრებად ვიმახსოვრებ.
ვუწყობ გვერდზე ადამიანებს,
საარსებო პირობებს ვუქმნი გონებაში და ვაკვირდები.

არსებობს მომენტები როდესაც ამგვარ მოპყრობას ვერ უძლებენ.
უმრავლესობა ქრება,
ზოგიც რჩება, უბრალოდ ახალი ვეღარ ემატება…
ისტორიებიც წყდება,
გაგრძელების გარეშე მთავრდება..
და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მინიატურული ურთიერთობებია
მინიატურულ გმირებთან ერთად..

ის მომენტია, როდესაც აღარც გწამს და აღარც ბოლო გაკვირვებს.

სამყაროს ნაცრისფერ ფერსაც რახანია შეეჩვიე
და იწყებ იმ დროის გახსენებას, როდესაც ამგვარი სევდა ძირითადად წვიმის შემდეგ, ნისლიან ამინდებში შემოგაწვებოდა ხოლმე.

და მიდიხარ.
უყურებ ჰორიზონტს,
ცდილობ რაც შეიძლება კარგად გაარჩიო ამბებად აწყობილი დაუსრულებელი ქრონიკები.
ინტერესი გკლავს დარჩა თუ არა რამე,
შეგიძლია თუ არა დაალაგო ისინი მიმდევრობით.
ბოლოს და ბოლოს კი ხვდები,
რომ სიცარიელის გამოღების ყოველი მცდელობა ჭრიალის მეტს, არაფერს იწვევს.

შემდეგ მოდის ამბებად გაწერილი ცხოვრება..
საბოლოოდ გამქრალი ისტორია..
და პრინციპში მეტი არაფერი.

საით მიდიხარ?

ეს სახლი, დაღლილი ერთ
ადგილზე დგომით,
დაღლილი ლოდინით,
სიკვდილმისჯილების აშენებულია.
ფანჯრებზე გისოსებად
შემოსაღებული სიმშვიდე,
რომ აღარაფრის უნდა გეშინოდეს- ილუზიაა,
უმი სურვილებით ნაკვები,
სინედლე რომ შეინარჩუნოს.

ამ სახლში, ცხოვრობს ისტორია,
რომელიც აღარ გახსოვს საიდან დაიწყო,
როდის მოვიდა
თუ თვითონვე გამოიგონე,
რადგან მას, უყვები მხოლოდ საკუთარ თავს,
დღემდე იგი არავისთვის გაგიმხელია.
ამ სახლში, შენი ხმა ისე ისმის,
თითქოს იმ ქვეყნიდან საუბრობ, სადაც ზამთარია,
აქ კი ზაფხული,
ხოლო ბგერებს ისეთი ჟღერადობა აქვთ,
რომ მეზობელ ოთახში ხარ.
კარადაში დამალული ბავშვივით
არ გცემ ხმას,
გულისცემას ვუთვლი სახლს.

ამ სახლში, არაფერი მოგაქვს,
მხოლოდ მოგონებები, ის რისგანაც შედგები.
მხოლოდ ხსოვნა,
რომელსაც არასდროს უღალატებ.
აღარ დარდობ ვინ შეავსებს ამ ოთახს,
როცა აღარ იქნები, აქ და ამ ქვეყანად.

ამ სახლიდან მიდიხარ სადღაც, გაურკვეველში,
სადაც შენი აჩრდილი ყოველთვის წინ გისწრებს
და ცხოვრებას, რომელსაც ხსნიდი განმარტებებად,
დროს, რომელსაც ასწრებდი და დიდობას ჩქარობდი,
დარჩა როგორც სადგური, ბოლო მგზავრით დაღლილი,
და სიკვდილით დაღლილი,
და ვიდრე დანგრეულა, დაანგრიო უნდა.

(ნატო ინგოროყვა)


ჩავლილი მატარებლის ამბების გჯერათ?
მე მჯერა:)
მაგრამ რადგან ჩავლილია,
თან მატარებელი
და
თანაც ჩემს ცხოვრებაში,
მაინც რაღაცნაირად გულში თავისი პატარა ადგილი უკავია.
დროდადრო ხან განსაკუთრებული თარიღები, ხანაც ნივთები ან ვინ იცის, უცნობი გამვლელის ჩაღიმებაც კი შეილება იყოს ამ მატარებლის გახსენების მიზეზი.


-ვინ ხარ?
-…
—საით მიდიხარ?
—ამ ადგილიდან ძალიან შორს.
—რატომ მიდიხარ?
—მინდა, გარდაქმნის დიდი დიდი ტალღები მოვიდეს.
—აუცილებლად თვლი წასვლას?
—სხვა შემთხვევაში არ წავიდოდი.
—ტალღებს ძალიან დიდი დამანგრეველი ძალა აქვთ.
—ხანდახან დანგრევა საჩუქარია. ნანგრევები გარდაქმნის საშუალებას იძლევა.
—საიდან მიცნობ მე?
—მე გიცნობ შენ და ვიცნობ შენს უბედურებასაც, ვინაიდან ის თან დაგყვება მუდამ.
არც ერთ იოლ გზას არ მიჰყავს ადამიანი სიძლიერისკენ.
არც პირველი ხარ ვინც რაღაც დაკარგა და არც უკანასკნელი.

ამბობს და ვგრძნობ, როგორ მცირდება ნელ-ნელა ნაფეხურების ხმა..
მგონი არც ერთს არ უფიქრია უკან მოხედვა…

 

 

large (3).jpg

 

ბოლო ნაფაზი დაძინებამდე.

ბოლო ღერს მოვუკიდე. ერთსაც მოვწევ და წავალ. ბალიშს დავიფარებ თავზე და იქნებ ამ მარტოობის განცდასაც ეშველოს რამე.

-სანთებელა კიდევ არ არის?)
-კი, ვნახე, მეც მოვწიე ამწუთას…
-ვიგრძენი კვამლი..))
-ასე თუ გავაგრძელეთ, ვეჭვობ, სიტყვბი აღარ დაგვჭირდება.


ბევრს ვფიქრობ.
ფიქრი ნელ-ნელა იზრდება და მკლავს.
ღამის ცა დიდი ხანია ქალაქის გუბეებმა აირეკლა და აივნებიდან გადაყრილი სიგარეტის ნამწვავებით აავსო. დიდი ხანია…

ჩემი ოთახის სურათი მიდგება თვალწინ, რომელშიც დიდი თეთრი საწოლი იყო და მუდმივად ეკიდა ჭრელი ფარდები.
ვეწეოდი ბევრს და ვუსმენდი ჯარედს.

ჩემს ოთახში ორპირია.
რაც მარტივად ხსნის ყველა ჩემს ავადმყოფობას.

ჩემთან ერთი მბჟუტავი ნათურა ანთია.
გაუნძრევლად ვიჯექი ჩემს ერთადერთ სკამზე და სახლის მუხტს ვგრძნობდი.
მუხტი იყო მძიმე და წამლეკავი.

ვიჯექი და ვფიქრობდი: ახლა ავდგები… ახლა ავდგები…
გაუნძრევლად ვიჯექი და გონებით ვყვებოდი მოკანკალე სინათლეს.

თქვენ მაინც მოდიოდით, სულ მოდიოდით.

ვიჯექი ჩემს ერთადერთ სკამზე და უკვე მერამდენედ ვითვლიდი წარმოსახვით ნაბიჯებს. ყოველ მეათასე დათვლაზე ერთი ნაბიჯი ემატებოდა.

ერთით მეტი ნაბიჯი, მეტი სივრცე, მეტი სიჩუმე, მეტი მე, მეტი…


ყოველ დილით საკუთარ თავს სარკეში ვუყურებ და ვუღიმი.
ყველაფერი, ყველაფერი კარგად არის.
და ღამით, როცა თითების სახსრები წერის სურვილით მეკრუნჩხება, აღარაფერი მაქვს სათქმელი.
ვერაფერს იტყვი…
სიმშვიდეზე ვარ გაყიდული.

ასე გადის ჩემი ღამეები.


ცოტახანი მეჭორავე და დავიძინებ.
ერთი ღერიც, ბოლო და წავედი…

large (5).jpg

ქალაქი, რომელიც სულის მაგივრად, სხეულებს ითვლის.

ადამიანები დახრილი თვალებით მიუყვებიან სახლისკენ მიმავალ დაღმართებს.
მიუყვებიან და დიდი ჯიბეებით დააქვთ დღის წილი ტვირთი.
შემდეგ ფერთხავენ, აბრუნებენ ყველა კუნჭულს და მტვრის ნაწილაკს არ ტოვებენ გასახარად.
შევამჩნიე, რომ რატომღაც, ყველა საკუთარზე ფიქრობს.
დადიან ისე, რომ ერთმანეთს ცალ თვალს თუ მოკრავენ, ეგეც შემთხვევით.
თუ შემოგხედავენ შეიძლება მოეწონო ან საერთოდაც არა,
თუმცა ეს მათთვის არაფერს ნიშნავს,
მაინც ჩაგივლიან და გაქრებიან შენი ცხოვრებიდან, დაგტოვებენ, დაგივიწყებენ.

ქალაქი მხოლოდ სხეულს ირეკლავდა, კაცის რომელიც დილაადრიან მიაბიჯებდა ქუჩაში მარტო.
მიაბიჯებდა და თან მიჰქონდა ტკივილი, რომელიც ვერაფრით გამოეხატა და მხოლოდ თვითონ შეეძლო მთელი სიცხადით მისი შეგრძნება.

ყველა ქალაქი ირეკლავს სხეულს, რომელიც დილაადრიან დააბიჯებს ქუჩებში მარტო.
ყველა ქალაქი იტევს მკვდარ, უსიცოცხლო სხეულს და იბარებს მიწა მომლოდინე ფხვიერი  სევდით, რომელზეც მცენარეები იდებენ ბინას.. რომელიც ეზიზღებათ და უყვართ..

……………

დილის სევდა მაპარებდა დღის გასაჭირს და გათეთრებული სხეულის უსიცოცხლო ზანტ ნაწილებს მივათრევდი მზის პირისკენ.
ახლა მე მივდიოდი მარტო, ვუყურებდი საკუთარი თავის დამსხვრეულ ნაჭუჭებს და შემოსილი სევდა მათრობდა. უპურობა მათრობდა. მარტოობა მათრობდა. ამ ყველაფრის გაგება და მიჩვევა მათრობდა.
ამ ამბის შემდეგ, საკუთარი თავი, თვალების დახრის საშუალებას მართმევდა.
მართმევდა და მართალიც იყო.
არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს იმ ტკივილის მარტო გამოვლას, რაც ამ კაცმა გამოიარა.
კაცმა, რომელიც ქუჩაში თუ შეგხვდებათ, დახრილი თვალების გამო ვერ შეამჩნევთ და უბრალოდ გვერდს აუვლით.

თუმცა, ბოლოს ყველაფერი ლაგდება.
ყველაფერი უბრუნდება ძველ კალაპოტს.
ისევე, როგორც, წვიმის შემდეგ ჩვევია ყველაფერს თავის ადგილზე დაბრუნება.

ქალაქი?
ქალაქი სულის მაგივრად სხეულებს ითვლის…

large.png

მე-მივეჩვიე ცის მუქ ფერებს ზამთრის თვეებში

ქრონიკული მოლოდინია ადამიანთა სენი,
რომელიც ერთდროულად სულსა და სხეულს ითრევს უმოქმედობის მორევში..
ველოდებით, ველოდებით და ვიცდით…

რთულია თქვა დრო რამდენად მოძრავი ან უძრავია.
რთულია მექანიკური მოწყობილობის გავლენით მართო საკუთარი გონება
და კიდევ უფრო რთულია უკანასკნელ წამებში გააცნობიერო სიცოცხლის, დროისა და არსებობის საკუთარი წესები, რომელსაც უნდა მიჰყოლოდი..

ვფიქრობ არასწორია  საათებითა და წუთებით გაზომო სიცოცხლე…
წარსულს ჩაეჭიდო,
რომელსაც დღემდე დასავიწყებლად ვერ ვიმეტებთ.

შენ შეგიძლია იყო და იცოდე საკუთარი თავი,
არაფერსა და არავისში ძებნის გარეშე,
შეგიძლია ძველ თვისებებს დააშენო ახალი და თავიდან დაიბადო.
(ახლებურად ჩასუნთქული მსუბუქი მასა ხომ თავიდან დაბადებას ჰგავს.
შვებას, რომელიც ჩვეულებრივ შემთხვევაში ვერასოდეს აღწევს ჩვენამდე.)

“ბოლოს ყველაფერს ეჩვევა ადამიანი”
სუსტი ადამიანის ნათქვამია, რომელსაც ბრძოლის გაგრძელება არ შეუძლია საკუთარი ბედნიერებისთვის.

და მარტოობა, როგორც ბუნებრივი მდგომარეობა ადამიანად გვაქცევს.
სხვების მუდმივი ძიების სურვილი კი – საკუთარ თავში ინაცვლებს.

 

მე- მივეჩვიე ცის მუქ ფერებს ზამთრის თვეებში.
შენ-ყოველთვის გჯეროდა რომ ერთ დღესაც გავფრინდებოდი.
გაზაფხულობით ბრუნდებიან  ჩვენთან მერცხლები,
მე მათ უემოციო მოლოდინით დაველოდები…large-2

365 ანუ დასასრული.

წელს იმდენად დიდი ცვლილებების წელი იყო,
რომ ვუფიქრდები, ვერ ვხვდები,
როგორ მოხდა ამდენი რაღაც ერთ წელიწადში.
ეს იყო სწავლის და გაზრდის წელი.
სიყვარულის,
ახლა უკვე ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანების გაცნობის წელი.
ზოგის დაკარგვის..
საკუთარი თავის შეცნობის წელი.

“აი, ვიცხოვრეთ. და გვეგონა, რომ ვცხოვრობდით და
ვცხოვრობდით, რომ გვეგონა და კარგად. ან არა.
აი, გვეგონა. გვეგონა, რომ ან გვიყვარდა, ან
ვუყვარდით, ან გვტოვებდნენ. ბრუნდებოდნენ.
ანდა, გვეგონა, –
არაფერი. არაფერი არ გვეგონა. არაფერში არ ვეძებდით.
ჩარაზული სახლის ფანჯარა
არაფრით არ იხსნებოდა. არაფრით არ თენდებოდა
ღამე. ხანდახან.
ვისუნთქეთ.
ხელებაკანკალებულებმა და ფეხარეულებმა.
დრონაკლულებმა და დროში დამარცხებულებმა.
და ეს ყველაფერი ისე ჰგავდა ცხოვრებას, რომელსაც
ვერაფრით ვერ გადავასწარით…
ისე ჰგავდა ცხოვრებას, რომ
რომ საკუთარ ამბებში ვერ დავეტიეთ და სხვების
ცხოვრებაში ჩავრჩით.”

მოვდიოდი და ვფიქრობდი, აი იმ დღეზე, სულ მარტომ რომ გავიღვიძე. რაღაცნაირად, შეგრძნებით მარტომ- ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მაგ დღეს, მეგობარმა დამირეკა გავისეირნოთო. მე უარის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ხანდახან, ჩვენთვითონ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი თავები ზამთრის სევდებში დახრჩობისგან. ხანდახან,თავს ძალა უნდა დავატანოთ, თორემ კოჭებამდე წყალს ვერასდროს გავცდებით.

მოვდიოდი და ვფიქრობდი, რამხელა ძალა აქვს სწორად ჩაფიქრებულ სურვილებს.

და თუ  რა კარგად გადავწყვიტე, რომ ცოტა შორს გამეცურა..
ვფიქრობდი, რა კარგია, რომ სიახლის არ მეშინია,
თორემ რა ძალა მედგა..

ალბათ გაზრდას მანამდე გავაგრძელებ, სანამ წყალში იმდენად ღრმად ვიცურებ, რომ მეორე ნაპირამდე გადაცურვა აჯობებს და უკან დასხევი გზა არ მექნება…

მივხვდი, რომ
წელს ბედნიერი ვიყავი…
ჭეშმარიტად ბედნიერი.
და მივხვდი, რომ კვლავ მჯერა სასწაულების.


365-ე დღე. ყველაფერი ახლა იწყება..

როცა თენდება.

large

-შიში-
ჩვენ გვასწავლიდნენ როგორები უნდა ვყოფილიყავით.
გვიყვებოდნენ ღმერთზე, რომელიც ციდან უყურებდა დედამიწას.
ბავშვურ სიზმრებში კი, ყველაზე ხშირად მეორდებოდა – შიში.
იქნებ ჩანასახებიც ასე იტანჯებიან ვერშემდგარი ცხოვრების აჩრდილებით,
რომელსაც, საწყის და ბოლო ფაზაში აქვს რაღაც საერთო
– ამოსუნთქვა, პირველი და უკანასკნელი.
ჩვენთვის არავის უსწავლებია, როგორ უნდა გვეცხოვრა.
ყველაფერი, რაზედაც გვიამბოდნენ ადამიანური ჰალუცინაციები იყო სრულყოფილებაზე.
არც სისხლჩაქცეულ გულებზე უფიქრია ვინმეს,
ისინი დიდი ხნის მანძილზე იტანჯებოდნენ კერპების თაყვანისცემით.
და ბოლოს – ყველაფერი ბეზრდება ადამიანს.”

მერამდენე ღამეა აღარ გამითენებია.
დაღლილობას ვაბრალებ, თუმცა კარგად ვიცი რეალურად რასაც გავურბივარ.
ადრე ვწვებოდი, თვალებს ვხუჭავდი და ვცდილობდი დამენახა ისეთი რამ რაც ცოტაოდენ შვებას მომგვრიდა. შემდეგ ესეც მბეზრდებოდა და ფეხშიშველი გავდიოდი აივანზე, მთელი სხეულით გადავეყუდებოდი გულაღმა, ღრმად ჩავისუნთქავდი და ვცდილობდი ვარსკვლავებისთვის ხელი მიმეწვდინა და როდესაც სხეულს სიცივე აიტანდა, ოთახში ვბრუნდებოდი და ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

დილით კარზე კაკუნმა გამაღვიძა. არ ვიცი რომელი საათი იქნებოდა, როდესაც ავდექი და შეშინებული გავედი კარის გასაღებად.

– გძინავს?
– არა, მოდი.

კარს უკან მდგომის ხმა იყო ისეთი მშვიდი როგორც არასდროს. იდგა და თავის საყვარელ სიმღერას ღიღინებდა.
როდესაც მივხვდი არ შემოვიდოდა გვერდით ჩამოვუჯექი და როგორ ხარ თქო ვკითხე.
ვიცოდი არ მიპასუხებდა, ამიტომ მის სუნთქვაზე გადავიტანე ყურადღება.
– ასეთი გავხდი. მივხვდი რისი თქმაც უნდოდა ამიტომ აღარ ვკითხე არაფერი და უბრალოდ დავეყრდენი.

აღარაფერი გვითქვამს. ასე ვისხედით რამოდენიმე საათი. ამოსუნთქვები ყიდდა ორივეს ემოციებს.

შემდეგ თენდება და ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება.

-მიდიხარ?
-ჰო, უნდა წავიდე. სამსახურში მაგვიანდება.
-წასვლებს ვერ პატიობენ.

და ისევ ჩადგა ჩვენ შორის დუმილი.
და ისევ ცივია თითები.
წასვლებს პატიობენ ვფიქრობ ჩემთვის, ოღონდ დაბრუნების პერსპექტივის გარეშე.